სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ე.წ. მოდულის შენობასთან გადაინაცვლეს.
მომიტინგეებს საქართველოს დროშები და ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "თავისუფლება მიშას!", "შეწყდეს პოლიტიკური შურისძიება", "ყველა ერთისთვის" და სხვა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მიშა! მიშა!". აქციაში ასევე ოპოზიციის ლიდერები მონაწილეობენ.
"ამ ადამიანებთან კომუნიკაციაშიც კი არ შევიდეთ. არავის ეშინია თქვენი დაკავებების, მაგრამ საბაბს ეძებთ. ვერ დავიჯერებ, რომ ნამდვილ პოლიციელს სიამოვნებდეს რეჟიმის მსახურებაში ყოფნა. ეს არის ბოროტების შენობა, აქ სხედან ისინი, ვინც ერსაც უსმენს, ბერსაც უსმენს და მერე აშანტაჟებენ ადამიანებს და უნგრევენ ცხოვრებას. გამარჯვების და კოალიციური ხელისუფლების შექმნის თანავე აუცილებლად გაუქმდება. ერთი საათით ადრე ის საძაგელი კადრები გაავრცელეთ, რომ ეს ხალხი მდგომარეობიდან გამოგეყვანათ, მაგრამ ვერ მოგართვით", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია.
აღსანიშნავია, რომ გუშინ სუს-ის შენობასთან გამართულ აქციაზე 40 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეებს და აქტივისტებს ძალის გამოყენებით, ყველანაირი ახსნაგანმარტების გარეშე აკავებდნენ.
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა.